Friday, May 11, 2012

გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში. უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა. გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა.შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა — ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, დედა — ანა ივანეს ასული ბახტაძე — დიასახლისი. 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს. ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში გადავიდა. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისში დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად ეწეოდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956—1957 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც. 1967—1972 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის „მოლოდაია გვარდია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული „სოფლელი ბიჭი“ გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია რომანები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ — 1960 წ. „მე ვხედავ მზეს“ — 1962 წ. „მზიანი ღამე“ — 1967 წ. „ნუ გეშინია, დედა!“ — 1971 წ. „თეთრი ბაირაღები“ — 1973 წ. „მარადისობის კანონი“ — 1978 წ. ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა — როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით. დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა საქართველოსა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962 წ. რეჟისორი თენგიზ აბულაძე); „მე ვხედავ მზეს“ (1965 წ. რეჟ. ლანა ღოღობერიძე); „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“; („ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით (1972 წ. რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).

Sir Charles Chaplin

სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. (Sir Charles Spencer Chaplin Jr.) (16 აპრილი, 1889 – 25 დეკემბერი, 1977), უკეთ ცნობილი, როგორც ჩარლი ჩაპლინი — ინგლისელი კომედიური მსახიობი, ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი. იგი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პირველ მსოფლიო ომამდე. ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. სწორედ ასე შევიდა იგი წარმატებით ახალ, ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა "კისტოუნის" ფილმში "საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში", 1914 წელს[1]. 1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიუნი ფილმის, "ოცწუთიანი სიყვარულიდან", მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დუგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია "უნაიტედ არტისტსი".[2]. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა[3]. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. 1999 წელს ამერიკლუმა ფილმის ინსტიტუტმა შეაფასა ჩაპლინი რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად. 2008 წელს მარტინ სიფი წიგნის, "ჩაპლინი: ცხოვრება", განხილვაში წერს: ვიკიციტატა „"ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

Oscar Wilde

(Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde) (*16 ოქტომბერი, 1854 – 30 ნოემბერი, 1900) --ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული მის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭერმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.ოსკარ უაილდი მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ოფიციალურს, არ ეპუებოდა საზოგადოებრივ აზრს და ღიად ასილაქებდა კიდეც დრომოჭმულ დოგმებს. ტრივიალურს ვერ იტანდა, უაზროს გაურბოდა. თავმომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას უაილდი ხელოვნებაში ხედავდა ( ამ სიტყვას ყოველთვის მთავრული ასოთი წერდა). ხელოვნებას ბრძოლის საშუალებად არასდროს იყენებდა, მასში ჭვრეტდა " სილამაზის ერთგულ სავანეს, სადაც ყოველთვის არის უამრავი გასართობი და საამო, სადაც ცოტა ხნით მაინც შეგვიძლია ამქვეყნიური სიავისა და საშინელების დავიწყება". ოსკარ უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა, ქალაქში, რომელმაც მსოფლიოს არაერთი სახელოვანი მწერალი აჩუქა — ჯონათან სვიფტი, რ.ბ. შერიდანი, ო. გოლდსმითი, ჯ. ბერნარდ შოუ, ჯეიმს ჯოისი, უ.ბ. იეითსი და ბ.სკოტერი. ოსკარის მამა სერ უილიამ რობერტ უაილდი არამხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელს გაერთიანებულ სამეფოში სახელმოხვეჭილი ოფთალმოლოგი და ოტოლარინგოლოგი იყო. განათლებული უილიამ უაილდი არქეოლოგიითა და ირლანდიური ფოლკლორითაც იყო დაკავებული. ოსკარის დედა — ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობისას ელჯი) — ირლანდიელი მაღალი წრის ცნობილი ქალბატონი გახლდათ. ის თეატრის გულმხურვალე თაყვანისმცემელი და პოეტი იყო, რომელიც პატრიოტულ ლექსებს წერდა ფსევდონიმით სპერანცა (იტალ. Speranza — იმედი). მამისგან ოსკარს საოცარი შრომისმოყვარეობა დაჰყვა, დედამ კი მეოცნებე და ოდნავ ეგზალტირებული ბუნება დააყოლა. მისგანვე გამოჰყვა მხურვალე ინტერესი იდუმალებისა და ფანტასტიკურისადმი, ასევე უჩვეულო ამბების მოგონებისა და მოყოლის უნარი. ოსკარ უაილდზე დიდი გავლენა იქონია დედამისის ლიტერატურულმა სალონმაც, სადაც მომავალმა მწერალმა სიყრმის წლები გაატარა. პოზისადმი ვნება და ხაზგასმული არისტოკრატიზმი უაილდს ბავშვობიდან ჩაუნერგეს. ლედი ფრანჩესკამ კარგად იცოდა უძველესი ენები, შესაბამისად დედანში იცნობდა ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს. ელინური ღვთაებრივი ენისადმი სიყვარულიც სწორედ მან ჩაუნერგა თავის ვაჟს. 1864—1871 წწ. დუბლინთან ახლოს, დაბა ენისქილენში, პორტორის სამეფო სკოლაში სწავლობდა. ვუნდერკინდი არ ყოფილა, თუმცა სწრაფი და მკაფიო კითხვა ეხერხებოდა. ოსკარი მკვირცხლი და მჭევრმეტყველი იყო, უყვარდა უბრალო სასკოლო ამბების იუმორისტულ მოთხრობებად ქცევა. სკოლაში მას განსაკუთრებული პრემიაც კი მისცეს ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის ცოდნისათვის. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებამ ოსკარ უაილდს საშუალება მისცა სტიპენდია მიეღო დუბლინის თრინითი-კოლეჯში (სამების კოლეჯი) სწავლის გასაგრძელებლად. თრინითი-კოლეჯში ოსკარი (1871—1874) ანტიკურ ისტორიასა და კულტურას სწავლობდა, სადაც ძველი ენებისადმი მიდრეკილებით თავი არაერთხელ იჩინა. პირველად აქ მოისმინა ესთეტიკის სალექციო კურსი, თავის კურატორთან — ანტიკური ისტორიის პროფესორ ჯ.პ. მაჰაფისთან ახლო ურთიერთობამ მომავალ მწერალს მნიშვნელოვანი ელემენტები შესძინა კარიერის შესაქმნელად. (საზოგადოდ მიღებული მორალის ზოგიერთი ასპექტის ზიზღი, დენდიზმი ჩაცმულობაში, მსუბუქი თვითირონია და მისწრაფება ელინიზმისადმი). 1874 წელს უაილდმა ოქსფორდის მაგდალენას კოლეჯში კლასიკურ განყოფილებაზე სწავლის სტიპენდია მოიგო. ინგლისის ინტელექტუალურ ციტადელში მან საკუთარი თავი შექმნა. გამოიმუშავა სუფთა ინგლისური აქცენტი: "ჩემი ირლანდიური აქცენტი ერთ-ერთია მრავალთაგან, რომელიც მე ოქსფორდში დავივიწყე". უაილდმა უნივერსიტეტში ნიჭიერი ადამიანის სახელი მოიხვეჭა, რომელსაც ყველაფერი იოლად გამოუდის. გარდა ამისა, ოქსფორდში ლეგენდები დაირხა "უაილდს ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა შეუძლიაო". სასწავლებელში უაილდი თეორეტიკოს ჯონ რესქინისა და მისი მოწაფის ოულტერ პეიტერის განუმეორებელ ლექციებს ისმენდა. ორივე მათგანი სილამაზეს აღმერთებდა, თუმცა რესქინი მას სიკეთესთან სინთეზში ხედავდა, პეიტერი კი სილამაზეში ბოროტების ნაზავსაც აღიარებდა. რესქინის ხიბლი უაილდზე მთელი მისი ოქსფორდში ყოფნისას იგრძნობოდა. მოგვიანებით მწერალი პედაგოგს ასეთ წერილს მისწერს: " თქვენშია რაღაც წინასწარმეტყველის, მღვდლისა თუ პოეტის, თანაც ღმერთებს მჭევრმეტყველების ისეთი დიდი ნიჭი დაუნათლებიათ თქვენთვის, როგორიც არავისთვის. თქვენი სიტყვები, სავსენი მცხუნვარე ვნებით, ჩვენს შორის უსმენოთა მიერაც შეისმინებოდა, უსინათლოთ კი თვალის ჩინად ეფინებოდა ".

Winston Churchill

უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spencer-Churchill); (დ. 30 ნოემბერი 1874 — გ. 24 იანვარი 1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953). უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორით. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი. უინსტონ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნეომბერს ჰერცოგ მალბოროს საგვარეულო მამულში ბლენჰეიმების სასახლეში დაიბადა. ჩერჩილის მამა – ლორდ რენდოლფ სპენსერ-ჩერჩილი, მე-7 ჰერცოგ მალბოროს მე-3 შვილი, ცნობილი პოლიტიკოსი, თემთა პალატის დეპუტატი იყო კონსერვატიული პარტიიდან, ეკავა ფინანსთა კანცლერის თანამდებობა. დედა – ლედი რენდოლფ ჩერჩილი, ქალიშვილობაში ჯენი ჯერომი (ინგლ. Jennie Jerome), მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი იყო. როგორც მამა, გატაცებული პოლიტიკური ცხოვრებით, ასევე დედა, აქტიურად ჩაბმული მაღალი საზოგადოების ცხოვრებაში, აქცევდნენ შვილს მცირე ყურადღებას. 1875 წლიდან ბავშვის აღზრდა ძიძას, ელიზაბეტ ენ ევერესტს (ინგლ. Elizabeth Anne Everest) მიანდეს. მას ძლიერ უყვარდა აღსაზრდელი და თვითონაც ჩერჩილის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი იყო ყოველთვის. როდესაც ჩერჩილს მე-8 წელი შეუსრულდა, იგი სენტ-ჯორჯის მოსამზადებელ სკოლაში გაგზავნეს. სკოლაში მოქმედებდა ფიზიკური სასჯელი და უინსტონი, რომელიც მუდმივად არღვევდა დისციპლინას, ხშირად ხდებოდა სასჯელის მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც მისმა ძიძამ, რომელიც რეგულარულად აკითხავდა, აღმოაჩინა ბავშვის ტანზე დალურჯებები, მაშინვე აცნობა დედას და უინსტონიც დები ტომსონების სკოლაში გადაიყვანეს, ბრაიტონში. წარმატებები სწავლაში, განსაკუთრებით გადასვლის შემდეგ გაუმჯობესდა, მაგრამ ყოფა-ქცევის ატესტაცია შემდეგნაირად ჟღერდა: « მოსწავლეთა რაოდენობა კლასში — 13. ადგილი — მე-13. » 1886 წელს, მან მძიმე ფილტვების ანთება გადაიტანა. სუსტმა ჯანმრთელობის და საეჭვო მიღწევების გამო სწავლაში, მშობლებმა იგი არა იტონში (სადაც მალბოროების მრავალი თაობა აღიზარდა), არამედ ჰეოროუში (ინგლ. Harrow School) გაგზავნეს. 1889 წელს იგი “სამხედრო კლასში” გადავიდა, სადაც საერთოსაგანმანათლებლო საგნების შესწავლასთან ერთად, მოსწავლეებს სამხედრო კარიერისთვის ამზადებდნენ. სკოლა მან იმ 12 მოსწავლესთან ერთად დაამთავრა, რომლებმაც შეძლეს და ჩააბარეს გამოცდა ყველა საგანში, უინსტონმა განსაკუთრებულ წარმატებას ისტორიის საგანში მიაღწია. ჰეროუში ის ფარიკაობით დაკავდა და 1892 წელს სკოლის ჩემპიონიც გახდა. 1893 წლის 28 ივნისს, ჩერჩილმა მესამედ ცდილობს ჩააბაროს გამოცდები სამეფო სამხედრო სასწავლებელში სენდჰიორსტში (სირთულეები ლათინურის წერით სამუშაოებთან ჰქონდა), ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში დიდ ბრიტანეთში, მაგრამ დაბალი შედეგის გამო (92 102-დან) ის ხდება კურსანტი-კავალერისტი და მხოლოდ მას შემდეგ გადადის უფრო პრესტიჟულ ფეხოსანთა კლასში, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი უარს აცხადებს ჩაბარებაზე. სენდჰიორსტში ის 1893 წლის სექტემბრიდან 1894 წლის დეკემბრამდე სწავლობს და ამთავრებს მე-20 130 სტუდენტიდან (სხვა ცნობებით მე-8 150-დან). 1895 წლის 20 თებერვალს ჩერჩილს უმცროსი ლეიტენანტის ჩინს ანიჭებენ 1899 წლის შემოდგომისთვის ბურის რესპუბლიკებთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა და როდესაც სექტემბერში ტრანსვაალისა და ნარინჯისფერმა რესპუბლიკამ, ინგლისის წინადადებაზე, ოქროს საბადოზე მომუშავე ინგლისელ მუშებს ჰქონოდათ საამომრჩევლო უფლებები, განაცხადა უარი, ნათელი გახდა რომ ომი გარდაუვალი იყო. 18 სექტემბერს “დეილი მეილის” მფლობელებმა ჩერჩილს შესთავაზეს წასულიყო სამხრეთ აფრიკაში სამხედრო კორესპონდენტის რანგში. ჩერჩილმა “დეილი მეილს” პასუხი არ დაუბრუნა და ამ წინადადებით “მორნინგ პოსტის” რედაქტორს მიმართა, რომელთანაც სუდანის კამპანიის დროს მუშაობდა, პასუხად რედაქტორმა თვიური ხელფასი 250 ფუნტის სახით და ყველანაირი ხარჯის დაფარვა შესთავაზა. ეს იყო დიდი თანხა (თითქმის 8 ათასი ფუნტი თანამედროვე ექვივალენტით), ყველაზე მეტი ვიდრე ოდესმე შეუთავაზებიათ ჟურნალისტისთვის და ჩერჩილიც უყოყმანოდ დასთანხმდა. ის ინგლისიდან 14 ოქტომბერს გაემგზავრა, ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ. 15 ნოემბერს ჩერჩილი გაჰყვა დაზვერვით რეიდს ჯავშნიანი მატარებლით, რომელსაც კაპიტანი ჰოლდეინი (ინგლ. Haldane) მეთაურობდა, ნაცნობი მალაკანდუდან. ცოტა ხანში მატარებელი ბურების არტილერიამ დაცხრილა. ცეცხლიდან სწაფად თავის დახსნის მცდელობისას, მატარებელი უკანა სვლით დიდი სიჩქარით შეასკდა რიყის ქვებს, რომლითაც გადაკეტილი იყო რკინიგზა. ჩერჩილი გზის გაწმენდის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ჰოლდეინი ცდილობდა უზრუნველყო თადაცვა მომუშავეთათვის. თვითმხილველთა გადმოცემით, ჩერჩილი უშიშრად მოქმედებდა ცეცხლის ქვეშ, მაგრამ როდესაც გზა გაიწმინდა, გამოირკვა, რომ წამყვანი ვაგონის გზა გადაჭრილი იყო ტყვიამფრქვევით და ერთადერთი რაც ჰოლდეინს შეეძლო გაეკეთებინა – ეს მძიმედ დაჭრილებით ორთქმავლის დატვირთვა და უკან გაგზავნა იყო. დაახლოებით 50 ინგლისელი დარჩა მტრის შეუჩერებელი ძალის წინააღმდეგ. ბურებმა ჰოლდეინი ჯარისკაცებთან ერთად ტყვედ აიყვანეს. ჩერჩილი გაქცევას შეეცადა მაგრამ იგი მტრის კავალერისტებმა შეაჩერეს. ტყვეები ომის ტყვეთა საერთო ბანაკში მოათავსეს, რომელიც სახელმწიფო სკოლა პრეტორიაში იყო მოწყობილი.